დაუყონებლივი გავრცელებისთის
14 ივნისი, 09:30 – 17:00 სთ, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” - საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად იმართება ეროვნული ფორუმი გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესახებ. ფორუმი გაზრდის საზოგადოებრივ ცნობიერებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში.
ღონისძიებას დაესწრებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და განიხილავენ საქართველოში გატარებულ ღონისძიებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციის კუთხით. საქართველომ ორი წლის წინ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომელიც აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობას, ავტონომიას, დამოუკიდებლობასა და ჩართულობას. ფორუმის 200-მდე მონაწილე მიმოიხილავს აღნიშნულ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს რატიფიცირების შემდეგ და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.
ღონისძიებას მხარს უჭერს USAID, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, გაერო და ევროკავშირი ერთობლივი პროგრამის “ადამიანის უფლებები ყველასათვის” ფარგლებში, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ბავშვთა ფონდი, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ–ის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, USAID–ის მისიის ხელმძღვანელი დუგლას ბოლი; ევროკავშირის წარმომადგენელი შტეფან შტორკი; საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სამსახურის უფროსი ნატალია ჯალიაშვილი;.
USAID-ის შესახებ საქართველოში: გასული 24 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის დახმარებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა საქართველოში. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, ჯანდაცვისა და განათლების პროცესების გაუმჯობესებას. USAID მსგავს პროექტებს ახორციელებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.usaid.gov/georgia
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.