როდესაც რეგიონს აქტიური სათემო რადიო ჰყავს

Friday, July 15, 2016
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ახალქალაქისა და ნინოწმინდის გამგეობების თანამშრომლებთან ერთად ნაგავსაყრელის მიმდეარე ტერიტორიას ასუფთავებენ. ფოტოების ავტორი: გარუშ არზუმანიანი
Radio NOR

გარემოს დაცვის პრობლემა მხოლოდ დიდ ქალაქებს როდი აწუხებთ. ნინოწმინდას და  ახალქალაქს ერთი ნაგავსაყრელი ემსახურება. ამ ადგილიდან ქარს ნარჩენები და პოლიეთილენის პარკები ახლომდებარე სახნავ-სათესსა და საძოვრებზე გადააქვს. ნინოწმინდის სათემო რადიო "ნორი" ამ საკითხით დაინტერესდა - მულტიმედიურ რეპორტაჟში ადგილობრივი მოსახლეობა გარემოსდაცვით პრობლემებზე ჩიოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ნაგავი მათ ხვნა-თესვაში უშლის ხელს,  პარკები საკვებში ერევა და საქონელის ჯანმრთელობას ვნებს.  რადიოეთერში რეპორტაჟის გასვლამ ადგილობრივ საზოგადოებაში პრობლემისადმი ინტერესი გააჩინა.

მალე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის გამგეობების თანამშრომლებთან ერთად, შაბათობა გამართეს და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

სამინისტროს კოორდინატორის თქმით, 2018 წლამდე ნინოწმინდაში არსებულ ნაგავსაყრელზე სპეციალური კონტეინერები დაიდგმება, ხოლო მანამდე შაბათობას სისტემატური ხასიათი ექნება.

რადიო „ნორი“ ერთ-ერთია იმ 15 რეგიონულ მედია საშუალებას შორის, რომელსაც მხარს უჭერს  USAID-ის პროგრამა „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“ (M-TAG).ამ პროგრამას  საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ახორციელებს.  M-TAG-ი მიზნად ისახავს  სანდო და დაბალანსებული ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. პროგრამა  საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხების და  მიმდინარე რეფორმების გასაშუქებლად საჭირო ცოდნის  შეძენაში ეხმარება ჟურნალისტებს. M-TAG-ი ასევე მუშაობს რეგიონულ მედიასთან მათი  ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 

რეპორტაჟები ნაგავსაყრელის თემაზე: http://nor.ge/?p=40337  http://nor.ge/?p=41552